გაერო - სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის ამოქმედებას
გაეროს გუნდი მიესალმება საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ამოქმედებას,- ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია:
„2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები: – თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლების პოლიტიკა, რომლითაც იკრძალება მოწევა დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში, აგრეთვე ზოგიერთ ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში; – თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვა.
გაეროს გუნდი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ მიღებული ამ მნიშვნელოვანი რეგულაციის დანერგვას. პროცესში ჩართული ყველა მხარე დაინტერესებულია კანონი დაინერგოს, რათა ქვეყნის დღევანდელი და მომავალი თაობები დაცულ იყვნენ თამბაქოს მოხმარების კატასტროფული შედეგებისაგან.
სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას. საქართველოში მწეველია მამაკაცთა 57%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია (დაახლოებით 10%), ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში.
ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე მოიხმარს თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები და ორსულები, თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება“.
გაერო აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 2 000-ზე მეტი არამწეველია, რაც საგანგაშო მაჩვენებლებია და ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მძლავრი და გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე.
განცხადების თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად მინიმუმ 824 მლნ ლარის ზარალს იღებს თამბაქოს მოხმარების გამო, რაც მშპ-ს 2.43%-ია.
„თამბაქოს ინდუსტრია ყველა ეტაპზე ცდილობს ჩაერიოს თამბაქოს კონტროლის შესახებ ზომების შემოღებისა და დანერგვის პროცესში. ეს ხდებოდა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქვეყნის და საერთაშორისო პარტნიორების გამჭვირვალე მუშაობით და მჭიდრო თანამშრომლობით.
გაეროს გუნდი კვლავაც ადასტურებს, რომ მტკიცედ განაგრძობს სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერას საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის, რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს“, – ნათქვამია განცხადებაში.