გაერო სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს
გაერო სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს

გაერო სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანული გამოცემის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, მისია კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივდა. ამჯერად, რუსეთმა და ჩინეთმა რეზოლუციას ვეტო არ დაადეს.

ამიერიდან ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული კოლონები სირიის ტერიტორიაზე ორი სასაზღვრო პუნქტის გამოყენებით შევლენ, რომლებიც თურქეთთან არსებულ საზღვარზე მდებარეობს.

სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით არსებული რეზოლუცია 2014 წელს მიიღეს. დოკუმენტი ჰუმანიტარულ კოლონებს სირიაში ოთხი სასაზღვრო პუნქტიდან, კერძოდ თურქეთიდან, ერაყიდან და იორდანიიდან გადასვლის საშუალებას სირიის რეჟიმის თანხმობის გარეშე აძლევს. ამ ხერხით, საერთაშორისო ორგანიზაცია ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას ახერხებდა.

რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ბაშარ ალ ასადმა სირიაში ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებული რეზოლუცია მოძველდა.

გაერო-ს შეფასებით, სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას სამი მილიონი ადამიანი საჭიროებს.