გაერო-ში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ
გაერო-ში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ.
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის განცხადებით, კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა არის ძალადობის შეჩერება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.
„ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობასთან უმაღლეს დონეზე, რათა მივაღწიოთ მთიანი ყარაბაღის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ცნობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ახლა საჭიროა ძალადობის სრულად შეწყვეტა. აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა, სრულად უზრუნველყოს ყარაბაღში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების დაცვა. ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – აღნიშნა ბერბოკმა.