გაერო-ში უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვისთავთან დაკავშირებით გაერო-ში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.
სხდომა ექვსი ქვეყნის, ალბანეთის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მოთხოვნის საფუძველზე მოიწვიეს. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, „ამ უაზრო ომის შედეგები უკრაინის ფარგლებს მიღმაც იგრძნობა“.
გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა, ზაპოროჟიეს ბირთვული ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარების გამო.
„დღეს აღინიშნება სამწუხარო და ტრაგიკული ეტაპი: ექვსი თვე 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. ამ დამანგრეველი პერიოდის განმავლობაში, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის ასობით ბავშვი, უამრავმა სხვამ დაკარგა ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. მსოფლიომ დაინახა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მძიმე დარღვევა, რომელიც ჩადენილი იყო მცირე ან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. მილიონობით უკრაინელმა დაკარგა სახლი და ქონება, გახდა იძულებით გადაადგილებული ან ლტოლვილი. ზამთრის დადგომასთან ერთად, ჰუმანიტარული საჭიროებები კვლავ სწრაფად იზრდება, მილიონობით ადამიანს სჭირდება დახმარება და დაცვა. ასევე, ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ზაპორიჟიესა და მის გარშემო არსებული ვითარებით. სიტუაციის ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს თვითგანადგურება. ქარხნის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გუტერეშმა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ელჩი ლინდა ტომას-გრინფილდი, რომლის თქმითაც საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მცდელობების მიუხედავად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.
„საერთაშორისო საზოგადოება არასდროს აღიარებს რუსეთის მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საზღვრები ძალისმიერი გზით. როდესაც მსოფლიოს ლიდერები მომავალ თვეში ჩავლენ ნიუ-იორკში, რათა დაადასტურონ თავიანთი ვალდებულებები გაერო-ს წესდების მიმართ, ისინი ასევე ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას ამ ძირითადი პრინციპის მიმართ. ასე რომ, რამდენი ფიქტიური რეფერენდუმის ჩატარებასაც, არალეგიტიმური ხელისუფლების დასმასაც უნდა ეცადოს მოსკოვი, ჩვენ გავაგრძელებთ გაერო-ს წესდების, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა ელჩმა.