გაერო-ში უკრაინის ელჩმა ცხინვალის რეგიონისა და ლუგანსკის ოლქის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებები შეადარა - სიტყვასიტყვით დააკოპირეთ, არანაირი კრეატიულობა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ფედერაციამ სიტყვასიტყვით გაიმეორა საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენული ლუგანსკის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ისევე, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გააკეთა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სიტყვასიტყვით დააკოპირეთ. არანაირი კრეატიულობა“, – განაცხადა კისლიცამ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს წარუდგინა ორივე დოკუმენტი, რომელშიც ანალოგიური ტექსტები ხაზგასმულია.
„ქსეროქსი კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი? ეს ღია კითხვაა“, – დასძინა უკრაინელმა დიპლომატმა.
უკრაინის ლუგანსკის რეგიონის შესახებ, 2022 წლის 21 თებერვლით დათარიღებულ განკარგულებაში საუბარია: „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხალხის ნების გათვალისწინებით, უკრაინის უარზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე „მინსკის შეთანხმებების“ შესაბამისად, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნას აღიარებული“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ლუგანსკის მხარესთან მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე და მიღწეული შეთანხმება გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტებით.“
განკარგულების თანახად, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ ორგანოებთან ერთად დაევალა, „განახორციელოს მოლაპარაკებები ლუგანსკის მხარესთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების პროექტის მომზადებაზე და წინადადება მისი ხელმოწერის თაობაზე დადგენილ ჩარჩოებში წარადგინოს.“
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მიერ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვასთან დაკავშირებით, განკარგულების მესამე პუნქტში მითითებული შეთანხმების დადებამდე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობის მხარდაჭერა უზრუნველყონ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესახებ განკარგულებას, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოთი თარიღდება, იქ ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გათვალისწინებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქნას აღიარებული“.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე და მიღწეული შეთანხმება გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტებით.“
„საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ ორგანოებთან ერთად, დაევალოს, განახორციელოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების პროექტის მომზადებაზე და წინადადება მისი ხელმოწერის თაობაზე დადგენილ ჩარჩოებში წარადგინოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აქვე ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვასთან დაკავშირებით, განკარგულების მესამე პუნქტში მითითებული შეთანხმების დადებამდე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მშვიდობის მხარდაჭერა უზრუნველყონ.“