გაერო-ში უკრაინის დიპლომატიური მისია საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება
გაერო-ში უკრაინის დიპლომატიური მისია მიესალმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას. შესაბამის განცხადებას დიპლომატიური წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„როგორც მთავარი თანასპონსორი, ჩვენ მივესალმებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებას, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვას ითვალისწინებს. რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და დაასრულოს საქართველოს ამ რეგიონების ოკუპაცია“, – ნათქვამია უკრაინის მისიის განცხადებაში.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.