გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დავით აბესაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მეორე კომიტეტის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას დავით აბესაძემ ხაზი გაუსვა მსოფლიოს მოწყვლადობას, რომელზეც ყველაზე მეტად იმოქმედა პანდემიის შედეგებმა და გაჭიანურებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა, ჰუმანიტარულმა და სამმაგმა პლანეტარულმა კრიზისებმა, რაც კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომით. საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნული საფრთხეს უქმნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას 2030 წლისთვის, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე და სურსათისა და ენერგიის ფასებზე.
„ქართულმა დელეგაციამ დამსწრე საზოგადოებას მიმართა, რომ საჭიროა, მრავალმხრივი კრიზისი დაძლეულ იქნას და მდგრადი განვითარების მიზნები მიღწეულ იქნას 2030 წლისთვის ერთობლივი სოლიდარობით, მეტი გლობალური თანამშრომლობითა და მრავალმხრივი დიპლომატიის გზით; გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქართული მხარე პროაქტიულად ჩაერთვება კომიტეტის მუშაობაში მომდევნო თვეებში მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის შედეგების განსამტკიცებლად.
საქართველოს დელეგაციამ კვლავ გაიმეორა 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაზე ნაკისრი ვალდებულება და ჩამოთვალა საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით მიღებული ზომები, კერძოდ: 2023 წლის სამოქმედო გეგმა – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“; მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება ადგილობრივ თვითმმართველობაში; საქართველოს მთავრობის დაპირება, რომ წარადგინოს მესამე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა 2024 წლის მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF); საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR); საჯარო სერვისების მიწოდების სტანდარტებისა და მიდგომების გაუმჯობესება; გრძელვადიანი (2050წ.) დაბალი ემისიის განვითარების კონცეფციის (LT LED) მიღება. აღინიშნა, რომ საქართველომ გადაწყვიტა 2025 წლისათვის გააძლიეროს თავისი ეროვნული გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების ამბიცია და 47%-მდე გაზარდოს ემისიების შემცირების ახალი სამიზნე.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით პროგრესის უზრუნველსაყოფად მთავრობა მუშაობს მწვანე ეკონომიკის ზრდის სტრატეგიისა (Green Growth Strategy) და შესაბამის სამოქმედო გეგმაზე. ამჟამად საქართველოს პარლამენტი მუშაობს კლიმატის თაობაზე კანონპროექტზე.
საქართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მაღალი ზრდა 2023 წლის იანვარ-ივლისის პერიოდშიც შენარჩუნდა და შეადგინა 7,2%. საქართველოს დელეგაციამ აქვე გამოხატა მოლოდინი გლობალური ციფრული კომპაქტის (Global Digital Compact) შემუშავების თაობაზე და, როგორც ტექნოლოგიებისა და დემოკრატიის საკითხებში დემოკრატიათა თანამეგობრობის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, გამოთქვა მზაობა, პროაქტიულად ჩაერთოს მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში.
საქართველოს წარმომადგენელმა სინანული გამოხატა, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული მიმართულებით საქართველოში განხორციელებული წინსვლისა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობებს ზემოხსენებული სიკეთეებით და ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს არის მოკლებული“, – აღნიშნულია გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.