31 მარტს, გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავთან დაკავშირებით ონლაინღონისძიება „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ – დეოკუპაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები“ გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გაერო-ში აკრედიტებულმა ელჩებმა, პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარებმა და ექსპერტებმა.
მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ოკუპაციისა და რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების თაობაზე, ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის როლსა და მნიშვნელობაზე.
„30 წლის წინ 1991 წელს, ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის პირობებში, ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის საშუალებით გადაწყვიტა აღედგინა დამოუკიდებლობა. ჩვენ ვიყავით მე-4 რესპუბლიკა იმ მომენტისთვის, ვინც ასეთი გადაწყევტილება მიიღო და 9 თვის შემდეგ საბჭოთა კავშირიც დაიშალა და ახალი ეპოქა დაიწყო. ამ რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის 99%-მა ხმა მისცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის აღდგენას“,- განაცხადა გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1991 წლის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ჩატარდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ეს ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. 30 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს ორი ძირითადი მიმართულება- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
სამწუხაროდ, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და სიტუაცია ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მძიმეა.
რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
მნიშვნელოვანია რუსეთმა იცოდეს, რომ ის თავისი დესტრუქციული პოლიტიკისა და სიტუაციის გამწვავების გამო გადაიხდის ფასს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაუწესებს“,- აღნიშნა დარსალიამ.
გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, სერგეი კისლიცას თქმით, წუხს, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა.
„ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის და ადგილზე ინტენსიური სამხედრო სწავლებების, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებისა და ე.წ ბორდერიზაციის გამო.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვწუხვართ, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა“,- განაცხადა სერგეი კისლიცამ.
ონლაინღონისძიებაზე გაერო-ში ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეის პილდეგოვიჩსმა აღნიშნა, რომ სრულად ემხრობიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„სამწუხაროდ რუსეთი არ აღიარებს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხოლოდ ერთი პუნქტი აქვს შესრულებული.
ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მის მთელ ტერიტორიაზე. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, კონსენსუსის და ერთიანობის მისაღწევად და ეს იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა გაერო-ში ლატვიის მუდმივმა წარმომადგენელმა.
ამასთან, გაერო-ში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენელი იოანა ვრონეცკა აცხადებს, რომ საქართველო მათთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პრიორიტეტული პარტნიორია.
„ჩვენ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება. დამოუკიდებელი საქართველოს დაბრუნებამ ევროპის რუკაზე, შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება სამხრეთ კავკასიაში. შეამცირა რუსეთის გავლენა რეგიონში და შექმნა ხელსაყრელი პირობები სახელმწიფოთა განვითარებისთვის. პროდასავლური კურსის არჩევამ დაახლოვა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.
2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მისი ქმედებები რეგიონში მიუთითებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობაზე.
პოლონეთი მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მტკიცედ გმობს ე.წ. „ბორდერიზაციას“ მის ტერიტორიაზე. პოლონეთი აგრძელებს საერთაშორისო ფორმატების გამოყენებას იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის საქართველოში. პოლონეთი ასევე გამოხატავს შეშფოთებას ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“,- განაცხადა იოანა ვრონეცკამ.