გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი ქალთა გაძლიერების თემაზე გენერალური ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი ქალთა გაძლიერების თემაზე გენერალური ასამბლეის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ეკა ყიფიანი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის მესამე კომიტეტის ფარგლებში, დღის წესრიგის 26-ე საკითხზე – ქალთა გაძლიერების შესახებ.

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, ქართველმა დელეგატმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს გენდერული თანასწორობის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას, ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლასა და ქალთა როლის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ამასთან მიმართებაში აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 3 მაისს დაამტკიცა ცვლილებები შრომის კოდექსში, რაც სამუშაო და საზოგადო ადგილებში სექსუალურ შევიწროებას განმარტავს. წელს ასევე შევიდა ცვლილებები დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში და ამჟამად ის ფარავს, როგორც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებს, განათლებას, სოციალურ დაცვასა და ჯანდაცვის სფეროებს, ასევე, ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ დაიცვას ინდივიდუალური თანასწორობა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში“, – აცხადებენ გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.

მათივე ცნობით, თავის გამოსვლაში ეკა ყიფიანმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია ხელს უშლის საქართველოს მთავრობას, გაავრცელოს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო ქალებზე და გოგოებზე, რომლებიც უკანონოდ აღმართული მავთულხლართების მეორე მხარეს რჩებიან. ისინი კვლავაც განიცდიან თავისი ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებს, გადაადგილების უფლებისა და განათლების მიღების უფლების ჩათვლით.

„ხაზი გაესვა იმასაც, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების სრული არარსებობა ადგილზე კიდევ უფრო აუარესებს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“, – აღნიშნავენ გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.