გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი - დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები ომს იწყებენ რუსეთთან, ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ
რუსეთი ნატო-ს პირდაპირი ომით ემუქრება, თუ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსეთის ტერიტორიის დასავლური შეიარაღებით დაბომბვის უფლებას მისცემენ.
გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინელებს,
სავარაუდოდ, არ შეუძლიათ სამიზნეების შერჩევა და რაკეტების დაპროგრამება ასეთი თავდასხმებისთვის და ეს მხოლოდ „ნატო-ს სამხედრო პერსონალს“ შეუძლია.
„შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება თუ რეალურად მიიღება ან იქნება მიღებული, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტიდან ნატო-ს ქვეყნები პირდაპირ ომს იწყებენ რუსეთთან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რასაც მოჰყვება დასავლელი აგრესორებისთვის შედეგები. დასავლეთის ხელისუფლებები ვეღარ შეძლებენ ბრალის გადატანას კიევზე. დასავლეთმა, სავარაუდოდ, უკვე გადაწყვიტა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცენ შორი დისტანციის იარაღის გამოყენების უფლება. ახლა კი ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით მისი ლეგიტიმაციის ბოლო ეტაპს საინფორმაციო სფეროში საზოგადოებრივი აზრის თვალში“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.