გაერო-ში რუსეთ- საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა
გაერო-ში რუსეთ- საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები, კვლევითი და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსია გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია, რომლის კულმინაცია რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია გახდა.

იმნაძის განცხადებით, ათწლეულის წინ, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ ღია აგრესიის მოწმე გახდა, რაც გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების უხეში დარღვევა იყო.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა.

„მოსკოვი აძლიერებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისაკენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულების ხელმოწერის გზით. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ. ათწლიანი ოკუპაციისა და ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ გარდაქმნებსა და კარგ მმართველობაში და მყარი საფუძველი ჩაუყარა მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, რაც წარმოაჩენს ქართველი ხალხის უპირობო ერთგულებას საერთო დემოკრატიული ფასეულობების მიმართ“, – აღნიშნა ელჩმა.

ჰერითიჯის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, ლუკ კოფიმ ისაუბრა 2008-ის წლის ომზე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, როგორც 2008 წელს საქართველოში დაწყებული პროცესების გაგრძელებაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ ევროპის კრიზისს შორის ურთიერთკავშირზე. თავიანთ გამოსვლებში უკრაინის, ავსტრიის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის, ნიდერლანდების, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და თურქეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.