გაერო-ში ჩინეთის ელჩი - აშშ-მა სირიასა და ერაყში საჰაერო დარტყმები განახორციელა, რაც სერიოზულად არღვევს სირიისა და ერაყის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ს ქმედებები სირიასა და ერაყში ახალ რეგიონულ ტურბულენტობას იწვევს, – ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის ელჩმა, ჟან ჯუნმა განაცხადა.
„აშშ-მა სირიასა და ერაყში საჰაერო დარტყმები განახორციელა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ეს ქმედებები სერიოზულად არღვევს სირიისა და ერაყის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისი სამხედრო მოქმედებები უდავოდ იწვევს ახალ რეგიონულ ტურბულენტობას“, – აღნიშნა ჯუნმა.
გაერო-ში ჩინეთის ელჩმა მკაცრად დაგმო აშშ-ის მიერ რეგიონში განხორციელებული საჰაერო თავდასხმები და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია.
„აშშ ამბობს, რომ არ ცდილობს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან სადმე სხვაგან, მაგრამ ის საპირისპირო მიმართულებით მიდის. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ჯუნმა.
შეგახსენებთ, იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა იერიშები მიიტანეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაიღუპა.