გაერო-ში ბულგარეთის წარმომადგენელი - ბოლო კვირებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. ბორდერიზაციის გაფართოებამ ადგილზე საცხოვრებელი პირობები გააუარესა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ განხილვისას გაერო-ში ბულგარეთის წარმომადგენელმა დეიანა კოსტადინოვამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ე.წ. ბორდერიზაციის გაფართოებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადგილზე საცხოვრებელი პირობები გააუარესა.
„ბოლო კვირებში ე.წ. ბორდერიზაციის გაფართოებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გააუარესა ადგილზე საცხოვრებელი პირობები. ჩვენი აზრით, ეს უკანონო პროცესი უფრო მეტად ასაბუთებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მონიტორინგისა და ანგარიშების წარმოების განგრძობად საჭიროებას, ეს გაწერილია რეზოლუციის პროექტში. ბულგარეთი მხარს უჭერს დოკუმენტს და მოუწოდებს საბჭოს ყველა წევრს, შემოგვიერთდეს“,- აღნიშნა ბულგარეთის წარმომადგენელმა.
ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია 20 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცეს. კენჭისყრაზე თავი შეიკავა 24-მა ქვეყანამ.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით.
ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.