გაერო-ში ბრიტანეთის ელჩი - რუსეთი აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართალს, რაც ყველაზე ცხადად დავინახეთ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში
რუსეთი აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართალს, რაც ყველაზე ცხადად დავინახეთ ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში, – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა.
ჯონათან ალენის თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევა, როგორიცაა გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში, მუდმივი კიბერთავდასხმები სხვა ქვეყნებზე და გავლენის მცდელობა დემოკრატიულ პროცესებზე.
ბრიტანელმა დიპლომატმა მოსკოვს კიდევ არაერთი ბრალდება წაუყენა.
„რუსეთს აქვს სახელმწიფოსგან შეკვეთილი მკვლელობების გამოცდილება, მათ შორისაა ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელიც რადიოაქტიური მასალით მოწამლეს ჩემს ქვეყანაში. რუსეთი პატივს არ სცემს მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ყველას გვახსოვს მალაიზიური ავიახაზების რეისი, რომელიც რუსეთის მარიონეტებმა რუსეთისგან მიწოდებული იარაღით ჩამოაგდეს. რუსეთი იცავს ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – აღნიშნა ჯონათან ალენმა.
ბრიტანეთის წარმომადგენელმა რუსეთი ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
გაერო-ში საგანგებო სხდომას წინ უძღოდა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.
12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში საქართველო რუსული აგრესიის ჩამონათვალშია.