გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს
გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს. ამის შესახებ განცხადება იაშარ ალიევმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ 12 სექტემბერს მომხდარი შეტაკებები განიხილებოდა.
როგორც გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, სომხეთის დივერსიულმა ჯგუფებმა ღამით სცადეს აზერბაიჯანელი სამხედროების გადაადგილებისა და მომარაგების გზების დანაღმვა, რაზეც ბაქომ სათანადო პასუხი გასცა.
ამასთან, იაშარ ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის.
„სამწუხაროდ სომხეთის წარმომადგენლების განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ურთიერთობების დალაგების სურვილი არ აქვთ, და ასევე ცხადყოფს, თუ რა შორს არის სომხეთი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან. სომხეთი, რომელმაც თავად განახორციელა აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას ახდენდა 30 წლის განმავლობაში, ახლა საუბრობს ნორმებსა და პრინციპებზე, რომლებსაც თავად არღვევდა მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში.