გაერო-ში ავსტრალიის ელჩი - მოვუწოდებთ რუსეთს, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის აპარატისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებლად შესვლას
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს თავისი გავლენა და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის აპარატისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებლად შესვლას ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესასწავლად, – ამის შესახებ გაერო-ში ავსტრალიის ელჩმა, კევინ ფლეიფორდმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
მან დადებითი შეფასება მისცა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
„მადლობას ვუხდით საქართველოს ოფისთან თანამშრომლობისთვის. მივესალმებით ადამიანის უფლებების დაცვას „კოვიდ-19“-ის დროს და მის წარმატებას ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ინფექციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ვალდებულებას, უზრუნველყოს მომავალი არჩევნების დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება“, – განაცხადა გაერო-ში ავსტრალიის ელჩმა, კევინ ფლეიფორდმა.
მისივე თქმით, ავსტრალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ კვლავ გვაღელვებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ადამიანის უფლებათა გამომძიებლების მიერ ამ რეგიონებში შესვლის არარსებობა.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს თავისი გავლენა და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის აპარატისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებლად შესვლას ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესასწავლად.
იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრალია ეწინააღმდეგება ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანას, ჩვენ ვგმობთ სიკვდილით დასჯის შემოღებას აფხაზეთში“, – განაცხადა გაერო-ში ავსტრალიის წარმომადგენელმა.
გაერო-ში ავსტრალიის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.