გაერო-ში აშშ-ის ელჩი - უშიშროების საბჭომ ერთხმად უნდა დაგმოს ირანის გაუმართლებელი თავდასხმა სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ირანის რეჟიმი პასუხს აგებს თავისი ქმედებებისთვის
გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე საბჭოს წევრებს მოუწოდა, დაგმონ ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმა და სანქციები დაუწესონ ირანს.
„ეს არის მომენტი, როდესაც საბჭომ ერთხმად უნდა დაგმოს ირანის გაუმართლებელი თავდასხმა სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, დადგეს სერიოზული შედეგები „ისლამური რევოლუციური გვარდიის“ კორპუსის წინააღმდეგ მათი ქმედებებისთვის“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა.
ამასთან, ლინდა თომას-გრინფილდმა აღნიშნა, რომ ირანი 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების მხარდამჭერი იყო თავისი დაფინანსებით, წვრთნებითა და „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მხარდაჭერით.
„მკაფიოდ მინდა განვაცხადო: ირანის რეჟიმი პასუხს აგებს თავისი ქმედებებისთვის“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.