გაერო-ში აშშ-ის ელჩი - უკრაინასთან, ევროპისა და გაერო-ს პარტნიორ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, გამიზნული გვაქვს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერება
უკრაინასთან, ევროპისა და გაერო-ს პარტნიორ სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გამიზნული გვაქვს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერება, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
მისი თქმით, გაერო-მ უფლება არ უნდა მისცეს წევრ ქვეყანას, რომელიც ორგანიზაციისთვის ძვირფას ყველა ღირებულებას სპობს, გააგრძელოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ყოფნას.
„გაერო-ს 140-მა წევრმა ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი რუსეთის დაგმობას მისი არაპროვოცირებული ომისა და ჰუმანიტარული კრიზისისთვის, რომელიც მან თავს დაატეხა უკრაინელ ხალხს. ჩემი გზავნილი ამ 140 ქვეყნისთვის, რომელიც მამაცურად დადგა ერთად, არის მარტივი: ბუჩას კადრები და უკრაინის მასშტაბით არსებული უბედურება გვავალდებულებს, ჩვენს სიტყვებს ახლა შესაბამისი ქმედება მოვაყოლოთ. ჩვენ უფლება არ უნდა მივცეთ წევრ ქვეყანას, რომელიც ჩვენთვის ძვირფას ყველა ღირებულებას სპობს, გააგრძელოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში ყოფნა“, – თქვა თომას-გრინფილდმა, რომლის განცხადებასაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.