გაერო-ში აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ სანდო მტკიცებულებებს იღებენ
გაერო-ში აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ სანდო მტკიცებულებებს იღებენ.
„სიენენის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ, გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ილზე ბრენდს კერისმა განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისანიჭებლად გამარტივებული პროცედურა მიიღო და რომ რუსი ოჯახები ამ ბავშვების შვილად აყვანის უფლებას მიიღებენ. უფრო მეტიც, ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული გეგმები უკრაინიდან ბავშვების რუსეთის ფედერაციის ოჯახებში გადაყვანის დაშვების თაობაზე, როგორც ჩანს, არ მოიცავს ნაბიჯებს ოჯახის გაერთიანებისთვის ან სხვა გზებით ბავშვების ინტერესების უზრუნველყოფას“, -განაცხადა ბრენდს კერისმა.
გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის თქმით, ასევე დოკუმენტირებულია ე.წ. ფილტრაციის შემთხვევებიც, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალების მებრძოლები და მათთან დაკავშირებული სამხედრო დაჯგუფებები ახორციელებდნენ სხვადასხვა პირის პირად ჩხრეკას, ნაძალადევი გაშიშვლებით, პირად დაკითხვას წარსულის, ოჯახური კავშირებისა და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.