გაერო-ში აცხადებენ, რომ იემენის ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად ჩამოშლილია
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, იემენში „კოვიდ-19“-ის პანდემიამ უკვე მთელი ქვეყანა მოიცვა და ჯანდაცვის სისტემები პაციენტების ნაწილს ვეღარ მკურნალობენ.
ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გაერო-ს ჰუმანიტარული საქმიანობის კოორდინატორმა, იენს ლარკემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობა მძიმდება.
„იემენში სიტუაცია საგანგაშოა და ჯანდაცვის სისტემა ფაქტობრივად ჩამოშლილია. ისინი ხალხს უკან აბრუნებენ, რადგან მათ საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა არ აქვთ“, – აცხადებს ლარკე.
ოფიციალური მონაცემებით, იემენში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 184 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 30 ფატალური, თუმცა როგორც გაერო-ში აცხადებენ, რეალური რიცხვები დიდი ალბათობით ბევრად მაღალია.