გაერო - სამხრეთ აფრიკის მოსახლეობას უპრეცედენტო მასშტაბის შიმშილობა ემუქრება
სამხრეთ აფრიკის მოსახლეობას უპრეცედენტო მასშტაბის შიმშილობა ემუქრება. ამის შესახებ განცხადებას გაერო აკეთებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში განმარტებულია, რომ ამ მომენტისთვის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობიდან 45 მილიონ ადამიანს საკვების სახით გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან. უახლოეს მომავალში კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
მსოფლიო სასურსათო საბჭოს განმარტებით, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობაში შექმნილი პრობლემების გამო, 16 ქვეყანა საკვების მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდის. სამხრეთ აფრიკაში ინტენსიურ გვალვებს და წყალდიდობებს რთული ეკონომიკური მდგომარეობა ემატება.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე გაერო საერთაშორისო საზოგადოებას, აფრიკელების დახმარებისკენ მოუწოდებს. საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, არსებული პრობლემის მოგვარებას საერთო ჯამში 489 მილიონი დოლარი სჭირდება. გაერო-მ კი ამ დრომდე მხოლოდ 205 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო.