გაერო-ს წარმომადგენელი - პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას საერთაშორისო ფასეულობა აქვს, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა
ვაღიარებთ და მივესალმებით ფაქტს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას დიდად ვაფასებთ, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებაზე იმსჯელეს.
მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა აქვს, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა.
„გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსახილველად წარმოდგენილ კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხები. საერთაშორისო სამართალი აღიარებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარემოებებსა და მიზეზებს. დათქმებში გაწერილია ასევე დროის კონკრეტულ პერიოდში გარკვეული უფლებების შეკვეცის გარემოებები. ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით, რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
მისი შეფასებით, ამ სახის კვლევას საერთაშორისო ფასეულობა აქვს, რადგან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის რეგიონში და თავად საქართველომ, მაქსიმუმი გააკეთა მცირე განსხვავებებით.
„პირველად ვიმყოფებით ამგვარ სიტუაციაში და უნდა გავერკვეთ, რა არის ნამდვილად აუცილებელი და რისი კეთება შეიძლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს, თუნდაც საგანგებო ვითარებაში. კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საქართველოს მეზობელ სომხეთში კვლავ მოქმედებს საგანგებო ვითარება. არ ვიცით, რა გავლენა აქვს მას ადამიანის უფლებებზე“, – განაცხადა შკოლნიკოვმა.
როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კვლევაში მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზეა გამახვილებული აქცენტი.
„ეს ნაბიჯი მისასალმებელია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მისასალმებელია, რომ კვლევის აქცენტი ეთმობა მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები არ არის სრულად დაცული. მოუთმენლად ველით მუშაობას უმცირესობების საკითხებზე; ვნახავთ, რა გავლენა მოახდინა ამ პერიოდმა ქალებზე, სექსუალურ უმცირესობებზე, სხვა ტიპის უმცირესობებზე, მაგალითად, ხანდაზმულებზე. მეორე მხრივ, იმედი გვაქვს, პანდემია დასრულდება და მასთან გამკლავებას შევძლებთ, მაგრამ საქართველოს გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოუთმენლად ველით ამ კვლევაზე მუშაობას“, – განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.