გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არასათანადო მოპყრობისგან დაცვისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებს
მივესალმებით ხელისუფლების მიერ არასათანადო მოპყრობისაგან დაცვისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ სხვადასხვა რეფორმას, – ამის შესახებ გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მასიმილიანო ბაგალინიმ განაცხადა.
როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერო-ს წამების პრევენციის ექსპერტებმა საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ განაცხადეს, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების წინააღმდეგ ბრძოლისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების საქმეში, მაგრამ საჭიროა დამატებითი ზომები პატიმართა რიცხვის შემცირების, პერსონალის გაფართოებისა და სარეაბილიტაციო პროგრამის გასაძლიერებლად, ციხეების სისტემის 21-ე საუკუნის სტანდარტებამდე მიყვანისთვის.
„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მივესალმებით ხელისუფლების მიერ არასათანადო მოპყრობისაგან დაცვისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ სხვადასხვა რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას, საქართველოს პატიმართა რაოდენობა კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს თავისუფალ მოსახლეობასთან მიმართებით“, – აღნიშნა მასიმილიანო ბაგალინიმ, რომელიც 8-14 ოქტომბერს გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) დელეგაციის საქართველოში ვიზიტს ხელმძღვანელობდა.
მისივე თქმით, „პატიმართა რაოდენობის შემცირებისათვის აუცილებელია დაკავებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების ალტერნატიული ზომები“.
„ციხის თანამედროვე სისტემა განსაკუთრებულად მოითხოვს რეაბილიტაციაზე ყურადღების გამახვილებას. ასევე, უნდა გაიზარდოს პერსონალის რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას როგორც ციხის თანამშრომლების, ასევე დაკავებულების ცხოვრების სათანადო ხარისხი“, – განაცხადა ბაგალინიმ.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, დელეგაციამ მოინახულა სხვადასხვა ციხე, დროებითი მოთავსების იზოლატორი და პოლიციის განყოფილება. SPT-ის ექსპერტებმა ჩაატარეს კონფიდენციალური ინტერვიუები ამ დაწესებულებებში დაკავებულებთან, პერსონალთან და სამედიცინო დარგის თანამშრომლებთან. დელეგაციამ ასევე გამართა დისკუსია მთავრობის მაღალჩინოსნებთან და საქართველოს ეროვნული მონიტორინგის ორგანოსთან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის (პემ/NPM) სახელით. მისიის მსვლელობისას დელეგაციამ პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან ერთად ვიზიტები განახორციელა ციხესა და დროებითი მოთავსების დაწესებულებაში.
„პემ-ი საქართველოში სისტემატიურად და პროფესიონალურად ახორციელებდა მონიტორინგს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მონაწილე სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს და გააფართოვოს მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს მექანიზმი საკმარისი რესურსებით, რაც მას თავისი პრევენციული მანდატის სტაბილურად რეალიზაციის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ბაგალინიმ.
SPT აკონტროლებს, თუ როგორ ასრულებენ სახელმწიფოები, რომლებმაც მოახდინეს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) რატიფიცირება, თავიანთ ვალდებულებებს, მათ შორის დამოუკიდებელი ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნის მიმართულებით. საქართველომ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება 2005 წელს მოახდინა. SPT საქართველოს მთავრობას წარუდგენს კონფიდენციალურ ანგარიშს, თავისი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით თავისუფლებააღკვეთილ პირთა წამებისა და მათდამი არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ. „როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს შემთხვევაში, SPT მოუწოდებს საქართველოს, გაასაჯაროოს SPT-ს ანგარიში“, – აღნიშნავენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.
SPT-ს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: მასიმილიანო ბაგალინი, დელეგაციის ხელმძღვანელი (იტალია), იაკუბ ჩეპეკი (პოლონეთი), იულია კოზმა (ავსტრია) და მარია ლუიზა რომერო (პანამა) და დელეგაციას თან ახლდა სამდივნოს სამი თანამშრომელი.