გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, თავი შეიკავოს სამხედრო ოპერაციისგან, რომელიც ბირთვულ ობიექტებს აქცევს სამიზნედ
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, თავი შეიკავოს სამხედრო ოპერაციისგან, რომელიც ბირთვულ ობიექტებს აქცევს სამიზნედ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაერო-ში მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი ზაპოროჟიეში მდებარე, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვისა და დაკავების გამო.

როგორც „როიტერი“ წერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან უმეტესობამ 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის განმეორების შესაძლებობაზე აქცენტირებით „დიდი შეშფოთება“ გამოხატა.

უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებით, თავდასხმა ეწინააღმდეგება ჰუმანიტარულ კანონმდებლობას და მათ ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდეს, თავი შეიკავოს სამხედრო ოპერაციისგან, რომელიც ბირთვულ ობიექტებს აქცევს სამიზნედ. აქვე, უშიშროების საბჭოს წევრებმა კრემლს მოუწოდეს სადგურში უკრაინელი პერსონალის მუშაობა დაუშვას.

„მსოფლიომ მცირედით აირიდა ატომური კატასტროფა გუშინ ღამით. რუსეთის გუშინდელმა შეტევამ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა. ეს იყო წარმოუდგენლად დაუფიქრებელი და საშიში და ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას რუსეთში, უკრაინასა და ევროპაში“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა.

გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგეი კისლიცამ რუსეთს სადგურიდან მისი ძალების გაყვანისკენ მოუწოდა და ამავდროულად უკრაინის ტერიტორიის არასაფრენ ზონად გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა საჰაერო თავდასხმებისგან იქნას დაცული.

გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლის, ბარბარა ვოდვარდის თქმით, აღნიშნული აღარ უნდა განმეორდეს და უკრაინაში შეჭრის დროსაც კი, რუსეთმა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უნდა დაიცვას.

ამასთან, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ უარყო დასავლეთის შეშფოთება ატომური ელექტროსადგურის თაობაზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას „აქვს კიდევ ერთი მცდელობა, შექმნას ხელოვნური ისტერია“.

„ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და მის მიმდებარე ტერიტორიას რუსული ჯარები იცავენ“, – განაცხადა ვასილი ნებენზიამ.