გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ირანის ქალაქ ქერმანში ტერორისტული აქტი დაგმეს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ირანის ქალაქ ქერმანში ტერორისტული აქტი დაგმეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა ირანის ქალაქ ქერმანში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმეს, ინფორმაციას გაერო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„უშიშროების საბჭოს წევრები უმკაცრესად გმობენ 3 იანვარს ირანის რესპუბლიკის ქალაქ ქერმანში მომხდარ ტერორისტულ აქტს. ამ ტერორისტული აქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ქალები, დაშავდა 211 ადამიანი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

უშიშროების საბჭოს წევრებმა აღნიშნეს ამ ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორებისა და დამფინანსებლების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა. მათ მოუწოდეს ყველა სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლისა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ამ კუთხით აქტიურად ითანამშრომლონ ირანის მთავრობასთან, ისევე როგორც ყველა სხვა შესაბამის ორგანოსთან.

„ნებისმიერი ტერორისტული აქტი არის დანაშაულებრივი და გაუმართლებელი, მიუხედავად მათი მოტივისა, სადაც არ უნდა იყოს, როდის და ვის მიერ ჩადენილი. ყველა სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ტერორისტულ აქტებს ყველა საშუალებით, გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.