გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს არსებითი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მთიან ყარაბაღში, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
საგანგებო სხდომა დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საბჭოს წევრები „მკაცრად გმობენ ძალის გამოყენებას და მწუხარებას გამოთქვამენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო. უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნის მხარეებისადმი მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ბრძოლა, განიმუხტოს დაძაბულობა და დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებას“.
„უშიშროების საბჭოს წევრები სრულ მხარდაჭერას გამოთქვამენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ცენტრალური როლის მიმართ და მოუწოდებენ მხარეებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ მათთან წინაპირობების გარეშე დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.