გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით 2018 წლის 8 აგვისტოს გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაი-ბრუკ ზერიუნი წარსდგა.
გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა სხდომის დასრულების შემდგომ აშშ-ს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა .
მისი განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს. საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს ქვეყნის დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონში.
ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი შეთანხმება.
ასევე, კარენ პირსმა ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა კონფლიქტის შედეგად – ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებიც დაცვის აუცილებლობის, ასევე, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებისთვის საზიანო ქმედებების შესახებ. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიმართ.
კარენ პირსმა ასევე მოუწოდა მხარეებს, კონფლიქტის მოგვარების მიზნით, გააძლიერონ ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მან საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოიწონა.
ინფორმაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამართული განხილვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.