გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს განახგრძლივებას მხარი არ დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს განახგრძლივებას მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა. აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრისას პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა და ჩინეთმა. თავი შეიკავეს ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ვიეტნამი, სამხრეთ აფრიკა, ინდონეზია, ნიგერია, ტუნისი და ესტონეთი.

ირანისთვის შეიარაღების მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს ვადა 2020 წლის 18 ოქტომბერს იწურება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესებაზე იმუშავებს.

„გაერო-მ არ დაუჭირა მხარი ირანის წინააღმდეგ 13 წლის განმავლობაში მოქმედ ემბარგოს, რითიც ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს, გაერო-ს შეზღუდვების გარეშე, კონვენციური იარაღის შეძენისკენ გზა გაუხსნა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.