გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. დოკუმენტის ავტორები შვედეთისა და ქუვეითის დელეგაციები არიან. რეზოლუციის პროექტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 30 დღით სირიის მთელ ტერიტორიაზე უნდა გამოცხადდეს. ზავი არ შეეხება ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებს.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მზად არის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭიროს, თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდება ტერორისტულ დაჯგუფებებზე, რომლებსაც მოსკოვის აზრით, აღმოსავლეთ ღუტაში მყოფ ამბოხებულებიც განეკუთვნებიან.
„თუ ჩვენს არგუმენტებს კვლავ უგულვებელყოფენ, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმაში დარწმუნებისა, რომ ამ ინიციატივის ავტორების მიზანია კვლავ დამასკოს დადანაშაულება და ტერორისტული დაჯგუფებების დაცვა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
გაერო-ს მონაცემებით, ამბოხებულების მიერ კონტროლრებად აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჰაერო დარტყმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა კონფლიქტის მხარეებს აღმოსავლეთ ღუტაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს იქ ჰუმანიტარული დამხარების შეტანა და დაშავებულების ევაკუაცია.