გაერო-ს ტრიბუნალმა რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეში ოთხი ბრალდებულიდან ერთი ცნო დამნაშავედ
გაერო-ს ტრიბუნალმა რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეში ოთხი ბრალდებულიდან ერთი ცნო დამნაშავედ

გაერო-ს სპეციალურმა ტრიბუნალმა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაში სალიმ აიაში დამნაშავედ ცნო. რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეზე დაუსწრებლად ბრალი ოთხ პირს ჰქონდა წარდგენილი.

აიაში დამნაშავედ ცნეს ტერორისტული აქტის ჩადენის მიზნით შეთქმულებაში, ჰარირისა და მასთან ერთად კიდევ 21 ადამიანის მკვლელობაში, ასევე 226 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში.

სალიმ აიაშთან ერთად ბრალდებული დანარჩენი სამი მამაკაცი – ჰუსეინ ჰასან ონეისი, ასად ჰასან საბრა და ჰასან ჰაბიბ მერჰი გაეროს სპეციალურმა ტრიბუნალმა გაამართლა. საქმის მეხუთე ფიგურანტი, „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთის მეთაური, 2016 წელს სირიაში მოკლეს.

ამავე ტრიბუნალის განაჩენში აღნიშნულია, რომ ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში „ჰეზბოლას“ ან სირიის მთავრობის მონაწილეობის მტკიცებულებები არ არსებობს.

გაერო-ს მხარდაჭერილი ტრიბუნალის განაჩენში წერია, რომ „ჰეზბოლას“ და სირიის ხელისუფლებას ჰარირის განეიტრალების მოტივები ჰქონდათ, თუმცა რაფიკ ჰარირის ლიკვიდაციის საქმეში არ იკვეთება პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ტერორისტულ თავდასხმაში ლიბანური შიიტური დაჯგუფება ან სირიის მთავრობა იყო ჩართული.

ტრიბუნალის 2 600-გვერდიანი განაჩენის შესავალი, მოსამართლე დევიდ რემ წაიკითხა. ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი 2005 წელს ააფეთქეს. ტერაქტის შედეგად ჰარირისთან ერთად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 226 კი დაშავდა.