გაერო-ს სპიკერი - გაერო აშშ-ის მიერ ოფიციალური პირების თვალთვალის გამო შეშფოთებულია
გაერო აშშ-ის მიერ ოფიციალური პირების თვალთვალის გამო შეშფოთებულია, – როგორც „როიტერი“ წერს. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გააკეთა.
მისივე თქმით, შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია, რომ აშშ გაერო-ს გენერალური მდივნის კომუნიკაციას უთვალთვალებს.
„ჩვენ ოფიციალურად განვუცხადეთ შეშფოთება მასპინძელ ქვეყანას ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, გაერო-ს გენერალური მდივნისა და გაერო-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების კომუნიკაცია იყო თვალთვალისა და ჩარევის ობიექტი აშშ-ის მთავრობის მხრიდან. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებებს, როგორც აღნიშნულია გაერო-ს წესდებასა და კონვენციაში“, – ამბობს დუჟარიკი.
აპრილში სოციალურ ქსელებში უკანონოდ გავრცელებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი აღწერს გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პირად კომუნიკაციას მის მოადგილესთან. დოკუმენტი შეიცავს გუტერეშის მხრიდან უკრაინაში ომზე დაკვირვებებს და ინფორმაციას აფრიკელი ლიდერების შესახებ.