გაერო-ს სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ სამხედრო მეთაურს, რადკო მლადიჩს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და სამუდამო პატიმრობაში დატოვა
გაერო-ს სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ სამხედრო მეთაურს, რადკო მლადიჩს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
მლადიჩის წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალმა 2017 წელს გენოციდის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რასაც მსჯავრდებული ასაჩივრებდა. გაერო-ს სასამართლომ ძალაში დატოვა სამუდამო პატიმრობა 1995 წელს სრებრენიცაში დაახლოებით 8 000 ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობაში მონაწილეობის გამო.
სრებრენიცას მოვლენები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიად არის აღიარებული. ხუთკაციანმა სააპელაციო კოლეგიამ დაადგინა, რომ მლადიჩმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები მის წინააღმდეგ წინა მსჯავრის გაუქმების შესახებ. მლადიჩის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სრებრენიცას მკვლელობების დროს ბოსნიელი სერბების მეთაური ადგილზე არ იმყოფებოდა.
მლადიჩი, ცნობილი როგორც „ბოსნიის ყასაბი“, იყო ერთ-ერთი ბოლო ეჭვმიტანილი, ვინც გაერო-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე წარსდგა. ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი 16-წლიანი მალვის შემდეგ, 2011 წელს დააპატიმრეს.
სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვის ბრალდებით, 2016 წელს ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი.