გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო უახლოეს მომავალში სომხეთისა და აზერბაიჯანის სარჩელებს განიხილავს
გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო უახლოეს მომავალში სომხეთისა და აზერბაიჯანის სარჩელებს განიხილავს

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო უახლოეს მომავალში სომხეთისა და აზერბაიჯანის სარჩელებს განიხილავს.

როგორც სასამართლოში აცხადებენ, 14-15 ოქტომბერს სასამართლოში სომხეთის სარჩელთან დაკავშირებით მოსმენებს გამართავენ, ხოლო 18-19 ოქტომბერს უკვე აზერბაიჯანის მოთხოვნაზე გაიმართება მსჯელობა.

როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გათვალისწინებით, სხდომა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება.

„ზოგიერთი მოსამართლე სხდომას ონლაინ რეჟიმში გამართავს. მხარეების წარმომადგენლებს სხდომაში მონაწილეობის მიღება პირადად ან ვიდეოზარის საშუალებით შეეძლებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს 16 სექტემბერს მიმართა და აზერბაიჯანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. ბაქომ ამავე სასამართლოში საჩივარი გასულ კვირას შეიტანა. აზერბაიჯანი სომხეთს „ეთნიკურ წმენდაშიც“ ადანაშაულებს და ისევე, როგორც სომხეთი, მოითხოვს დროებითი „შემზღუდავი ზომების გატარებას, რაც აუცილებელია მოსახლეობის დასაცავად“.