გაერო-ს სააგენტოების ცნობით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შიმშილობა ემუქრება
გაერო-ს სააგენტოების ცნობით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შიმშილობა ემუქრება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და სურსათის მსოფლიო პროგრამის განცხადებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს 23 რეგიონში შიმშილობა გაიზრდება, თუკი სასწრაფოდ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული.
სააგენტოების ინფორმაციით, ყველაზე კატასტროფული ვითარება ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში, სამხრეთ მადაგასკარზე, იემენში, სამხრეთ სუდანში და ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონშია.
სააგენტოების ცნობით, ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში შიმშილობა 400 ათასზე მეტ ადამიანს ემუქრება თუ სასწრაფოდ არ განხორციელდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ასევე რთულია ვითარება სამხრეთ მადაგასკარზე, სადაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვაა და შიმშილი 14 ათასზე მეტ ადამიანს ემუქრება.
მაისში, 16 ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალურად მიმდინარე წელს სულ მცირე 155 მილიონი ადამიანი განიცდიდა მწვავე შიმშილს, რაც გასულ წელთან შედარებით 20 მილიონით მეტია. დასკვნაში ნათქვამია, რომ შიმშილობა ძირითადად კონფლიქტებით და „კოვიდ-19“-ის პანდემიით არის გამოწვეული, რამაც საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას, მყიდველუნარიანობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შემცირებას და ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი.