გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის კვლევით, გასულ წელს 7 ქალიდან ერთს ძალადობის რაღაც ფორმა განუცდია
2017 წელს საქართველოში 7 ქალიდან ერთს ძალადობის რაღაც ფორმა განუცდია – ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამარ საბედაშვილმა ჟურნალისტებს 2017 წლის ქალთა ძალადობის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა.
„ჩვენი 2017 წლის კვლევის მოხედვით, რომელიც მარტში გამოქვეყნდა, 7 ქალიდან ერთი ამბობს, რომ ოჯახში თუ ოჯახს გარეთ ძალადობის რაღაც ფორმა განუცდია. ფემიციდის 2018 წლის სტატისტიკა ჯერჯერობით არ გვაქვს და ინფორმაციას ტრაგიკული ფაქტების შესახებ მედიიდან ვიღებთ“, – აცხადებს თამარ საბედაშვილი.
თამარ საბედაშვილის განმარტებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ ირიბი მსხვერპლის დაცვის საჭიროება დაგვანახა.
„იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს, ყველას რაღაც როლი გვაქვს შესასრულებელი. ბოლო ფაქტმა დაგვანახა, რომ პრევენციის მიზნით, ირიბ მსხვერპლებზე დაცვის მექანიზმები უნდა გავშალოთ და გავაანალიზოთ“, – განაცხადა თამარ საბედაშვილმა.