გაერო-ს პრესსამსახური მამუკა ბახტაძისა და ანტონიო გუტიერეშის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობაზე მოსაზრებები გაცვალეს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ გაერო კვლავ მხარს უჭერს აღნიშნულ პროცესს და ყველა მონაწილეს მოუწოდებს, გამოავლინონ უფრო მეტი პოლიტიკური ნება და მოქნილობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შენარჩუნებასა და გააქტიურებას შეუწყონ ხელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს პრესსამსახურის ცნობით, გუტიერეშმა ასევე აღნიშნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა უფრო ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.
ანტონიო გუტიერეშმა და მამუკა ბახტაძემ ასევე ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 წლისთვის განვითარების დღის წესრიგის განხორციელების საკითხზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და გაერო-ს გენერალური მდივანის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.