გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი - ტაქტიკური პაუზის გამოცხადების მიუხედავად, რაფაჰსა და სამხრეთ ღაზაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება
რაფაჰსა და სამხრეთ ღაზაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ისრაელის არმიამ ოპერაციაში ტაქტიკური პაუზების შესახებ გამოაცხადა, – ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ ოსლოში მედიას განუცხადა.
ლაზარინის თქმით, საბრძოლო მოქმედებებში პაუზა არ ყოფილა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა პოლიტიკურ დონეზე აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიღებულა. ამიტომ მოცემულ მომენტში შემიძლია გითხრათ, რომ რაფაჰსა და ღაზის სამხრეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ოპერაციულად ჯერ არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული კვირის ბოლოს განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებებში ყოველდღიურ პაუზებს გამოაცხადებენ ქერემ შალომის გადასასვლელი პუნქტიდან ღაზის სექტორში. მოგვიანებით, არმიაში განმარტეს, რომ ჩვეულებრივი ოპერაციები გაგრძელდება რაფაჰში. ორშაბათს ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მათი ძალები განაგრძობენ ფოკუსირებულ, სადაზვერვო მონაცემებზე დაფუძნებულ ოპერაციებს რაფაჰის ზონაში, რაც მებრძოლებთან შეტაკებას, იარაღის ჩამორთმევასა და განადგურებას მოიცავს.