გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემიის შედეგად მსოფლიო ტურიზმი შესაძლოა, 2021 წელს ორი ტრილიონი დოლარით დაზარალდეს
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემიის შედეგად მსოფლიო ტურიზმი 2021 წელს შესაძლოა, ორი ტრილიონი დოლარით დაზარალდეს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ეს მაჩვენებლები შეესაბამება 2020 წელს ტურიზმის სექტორისთვის მიყენებულ ზიანს. როგორც გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში, შარშანდელთან შედარებით, ტურისტული მოგზაურობების რაოდენობა 58%-ით გაიზარდა, თუმცა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოგზაურობების რაოდენობა 64%-ით ნაკლებია.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში პირიქით, შემცირდა. ამის მიზეზი, რომ ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ჩინეთი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებენ და უცხოელი მოგზაურების მიღებაზე უარს ამბობენ.
ხორვატიაში, მექსიკასა და თურქეთში ტურისტების რაოდენობა ივლის-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ყველაზე კარგი მაჩვენებლები კარიბის ზღვის აუზის რეგიონის სახელმწიფოებში აღრიცხეს, სადაც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, „მსოფლიოში ვაქცინაციის არათანაბარი მაჩვენებლები და „კოვიდ-19“-ის ახალი მუტაცია შესაძლოა, ტურიზმის სექტორის აღდგენაზე ნეგატიურად აისახოს. გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, შეათანხმონ კოვიდშეზღუდვები, რათა ტურისტებმა შეძლონ მოგზაურობის დაგეგმვა.
მისივე თქმით, ტურისტული სექტორი ახლა ისტორიულ კრიზისს განიცდის, თუმცა სწრაფად აღდგენის უნარი შესწევს.