გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს აფრთხილებს, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება, თუ უკრაინის პორტები დაბლოკილი დარჩება
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს აფრთხილებს, რომ მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება, თუ უკრაინის პორტები დაბლოკილი დარჩება

გაერო-ს წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილით დაიღუპება, თუ უკრაინის პორტები დაბლოკილი დარჩება. აღნიშნულის შესახებ, გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მილიონობით ადამიანი დაიღუპება მსოფლიოს გარშემო, რადგან ეს პორტები დაბლოკილია. თუ თქვენ შეგტკივათ გული მსოფლიოს სხვა ნაწილში მცხოვრებ ადამიანებზე, რასაც არ უნდა გრძნობდეთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები“, – განაცხადა ბიზლიმ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტს.

როგორც „სიენენი“ წერს, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მარაგი უკრაინიდან, რომელიც ცნობილია როგორც „მსოფლიოს პურის კალათა“, ჩაკეტილია, რადგან რუსეთს ბლოკირებული აქვს ოდესა და ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი პორტები.

ბიზლის განცხადებით, პორტები უნდა გაიხსნას და ამუშავდნენ მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული უკრაინის ეკონომიკა ჩამოიშლება.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიხედვით, უკრაინა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის, სიმინდის და ქერის ექსპორტით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. გასულ წელს უკრაინის ექსპორტის 41% სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოდიოდა.