გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ორსულებს კორონავირუსის პრევენციის რეკომენდაციებს აძლევს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხდებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღემდე ჯერ არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის განცხადებით, ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული. ეს ზომებია: ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხები კარგად დაამუშავონ.
„გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაერო-ს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ახლოდან ადევნებს თვალს ახალი კორონავირუსის დაავადების (COVID-19) აფეთქებას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოცხადდა და თავის პარტნიორებთან, მთავრობებსა და გაერო-ს სხვა სააგენტოებთან ერთად ამ საკითხის გადაჭრაზე მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს. სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე.
ფონდი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ვირუსის პრევენცია ან მკურნალობა, მაგრამ არსებობს რეკომენდებული ღონისძიებები სიმპტომებთან დაკავშირებით. თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია:
„მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირატორული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია, ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:
- სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ;
- თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს – და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალებისა და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევის განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით“.