გაერო-ს მონაცემებით, ვენესუელაში არეულობის დროს სულ მცირე 40 ადამიანი მოკლეს
ვენესუელაში არეულობის დროს სულ მცირე 40 ადამიანი მოკლეს, 850 პირი კი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ გაერო იუწყება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების დაცვის სააგენტოს სპიკერი რუპერტ კოლვილი აცხადებს, რომ დემონსტრაციების დროს, 26 ვენესუელელი სახელისუფლებო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა. ხუთი პირი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული რეიდების დროს მოკლეს, 11 ადამიანი კი არეულობის დროს ძარცვას ემსხვერპლა.
ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, ვენესუელაში მიმდინარე არეულობების დროს, 21-26 იანვარს სამართალდამცველებმა 850 ადამიანი დააკავეს. მათგან 77 დაკავებული 12 წლის ასაკის ბავშვია.
ვენესუელაში არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარმა ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის შემდეგ დედაქალაქ კარაკასსა და სხვა დიდ ქალაქებში დემონსტრაციები იმართებოდა. ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად საერთაშორისო მასშტაბით დიდი მხარდაჭერა აქვს.