გაერო-ს მონაცემებით, სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა
გაერო-ს მონაცემებით, სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა

სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერო-ს ანგარიშის თანახმად, კიდევ 334 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

სუდანში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „სტაბილურ და საიმედო“ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების პოტენციურ ადგილად საუდის არაბეთი განიხილება. მოლაპარაკებები თუ გაიმართება, ეს იქნება პირველი შეხვედრა ორ მხარეს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

დროებით ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სუდანის არმიის სამხედროები აგრძელებენ დედაქალაქ ხართუმზე საჰაერო თავდასხმებს, რაც „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ დასუსტებას ისახავს მიზნად. შეტაკებები ასევე მოხდა სუდანის დასავლეთით, დარფურის რეგიონში.