გაერო-ს მონაცემებით, ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში წელს რეკორდულად მაღალი მსხვერპლი ფიქსირდება
მიმდინარე წელს ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობაში რეკორდულად მაღალი მსხვერპლი ფიქსირდება, – ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, გაერო-ს ცნობით, დაჯგუფება „თალიბანსა“ და ავღანეთის ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შედეგად, მაის-ივნისის პერიოდში 1 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათასზე მეტი კი დაშავდა, რაც გასულ წელთან შედარებით 47%-ით მეტია.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ მსხვერპლთა 64 პროცენტი ავღანეთის ხელისუფლების ოპერაციებს შეეწირა, 25 პროცენტი „თალიბანის“, ხოლო 11 პროცენტი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა. გაერო-ს ინფორმაციით, მსხვერპლთა 32 პროცენტი ბავშვია.
მხარეებს შორის დაპირისპირება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე განახლდა.
საერთაშორისო კოალიციური ძალების დიდი ნაწილი უკვე გაყვანილია ავღანეთის ტერიტორიიდან. „თალიბანის“ განცხადებით, ისინი ქვეყნის ტერიტორიის 90 პროცენტს აკონტროლებენ, მათ შორის მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტებს. ავღანეთის ხელისუფლებამ „თალიბანის“ თავდასხმების გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.