გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად 1 000 დევნილი ოჯახი დახმარებას მიიღებს
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ გამოყო. 1 000 დევნილ ოჯახს, რომელიც დახმარების მიმღებთა კატეგორიაში მოხვდა, სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ.
ამ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა და ამასთან ერთად არიან: მრავალშვილიანი ოჯახები, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები დევნილები, ვეტერანები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი დევნილები.
,,კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან, ჩვენ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოსთან მიმართებაში ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში და ადამიანებს შევუმსუბუქოთ სირთულეები. დღესაც, ისევე როგორც ბოლო 27 წელი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით“, – განაცხადა კემლინ ფურლემ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლეს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დროს გაწეული დახმარებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.
ამ ეტაპზე, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ.