გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო - ავღანეთში უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი იწყება
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო - ავღანეთში უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი იწყება

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ავღანეთის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების წინაშეა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

ფილიპო გრანდიმ ავღანეთის საზღვრების ღიად დატოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გაიზიარონ ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა ირანთან და პაკისტანთან ერთად, რომლებსაც 2,2 მილიონი ავღანელი უკვე ჰყავს შეფარებული.

„ქაბულიდან საჰაერო ევაკუაცია ამ დღეებში დასრულდება და განვითარებული ტრაგედია აღარ იქნება ისეთი ხილვადი. თუმცა ის კვლავ იქნება ყოველდღიური რეალობა მილიონობით ავღანელისთვის. ჩვენ არ უნდა შევაქციოთ ზურგი. უფრო დიდი ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ იწყება“, – ნათქვამია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებაში.