გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა დასახლებულ პუნქტებში სულ მცირე 24-ჯერ გამოიყენა კასეტური იარაღი
გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა დასახლებულ პუნქტებში სულ მცირე 24-ჯერ გამოიყენა კასეტური იარაღი.
აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.
„არსებობს სანდო ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის დასახლებულ პუნქტებში, სულ მცირე ორ ათეულზე მეტჯერ გამოიყენეს კასეტური იარაღი“, – განაცხადა ბაჩელეტმა.
ბაჩელეტის განმარტებით, ერთ თვეზე მეტია, უკრაინის მთელი მოსახლეობა საზარელ მდგომარეობაშია. მისი თქმით, მილიონობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დადგა, რადგან იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები ან დამალულიყვნენ სარდაფებში, თავშესაფრებში, რადგან მათი ქალაქები იბომბება და ნადგურდება.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, უკვე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა უკრაინა და გადასულიყო მეზობელ ქვეყნებში. აქედან 2,3 მილიონი ახლა პოლონეთშია, 608 ათასი რუმინეთში და ასობით ათასი მოლდოვაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, ასევე რუსეთში. ამასთან, „იუნისეფის“ ინფორმაციით, უკრაინა ორ მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა.
ბაჩელეტმა რუსეთს მოუწოდა, გაითვალისწინოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მოწოდებები და გაიყვანოს უკრაინიდან საკუთარი შეიარღებული ძალები.