გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები და არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა ქვეყნის 30-ზე მეტ დასახლებაში დაფიქსირდა
გაერო-ს ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს უკრაინის 30 ქალაქში ჩადიოდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები და არასამართლებრივი სიკვდილით დასჯა უკრაინის 30-ზე მეტ დასახლებაში დაფიქსირდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მკვლელობები დაფიქსირდა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში იმ დროს, როდესაც ეს ტერიტორიები რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყო, კერძოდ თებერვლის ბოლოს და მარტში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 300-ზე მეტი ასეთი მკვლელობაა ცნობილი.
ამასთან, გაერო-მ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის 23 ფაქტის დადასტურება შეძლო.
„უმეტესობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მაგრამ იყო შემთხვევები მთავრობის მიერ კონტროლირებად ადგილებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
გაერო-ს ცნობით, ასევე დაფიქსირდა ადგილობრივი აქტივისტების, ჟურნალისტების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა სამოქალაქო პირების დაკავების 250-მდე შემთხვევა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს, მაგრამ ასევე დაფიქსირდა იმ ადამიანების იძულებით გაუჩინარების 12 შემთხვევა, რომლებზეც უკრაინის ხელისუფლებას შესაძლოა რუსეთთან მათი თანამშრომლობის შესახებ ჰქონოდა ეჭვი.