გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა, საბრძოლო მოქმედებების გამო კი, საკუთარი სახლების მიტოვება 160 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა
გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ უკრაინის ძირითად ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, ხარკოვზე, ხერსონსა და ოდესაზე.
გაერო-ს ინფორმაციით, 26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 64 სამოქალაქო პირი და დაჭრილია სულ მცირე 176. გაერო-ს ოფისის მიხედვით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მომდევნო დღეებში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო საკუთარი სახლების მიტოვება 160 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა, ხოლო ქვეყანა 116 000-ზე მეტმა პირმა დატოვა.
ამასთან, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.
ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების კუთხით ვითარების გაუარესების გამო გაეროს სააგენტოებს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ოპერაციების შეჩერება მოუწიათ, თუმცა ისინი რჩებიან ქვეყანაში და გააგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას იმდენად, რამდენადაც არსებული ვითარება მისცემთ ამის საშუალებას.