გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის განცხადებით, ავღანეთი შიმშილის ზღვარზეა
გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის, რამიზ ალაქბაროვის განცხადებით
ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.
ინფრომაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მისი თქმით, ავღანეთში მთავარი პრობლემა საკვების ნაკლებობაა და ქვეყანა ძლიერ არის დამოკიდებული საზღვარგარეთიდან მიღებულ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც შეწყდა ქვეყანაზე „თალიბანის“ მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ.
ალაქბაროვის თქმით, ქაბულის აეროპორტის დახურვის შემდეგ გაერო ალტერნატიული გზის ძიებაშია, თუ როგორ მიაწოდოს მოსახლეობას პირველადი დახმარების ნივთები და საკვები. მისი განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გამოიძებნოს 200 მილიონი დოლარი, რათა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფები გამოიკვებოს.
ამასთან, გაერო-ს კოორდინატორმა დასძინა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მოსახლეობამდე მიტანას ართულებს ის ფაქტი, რომ გაერო-ს თანამშრომლების უმეტესობა ქალია, რომლებიც „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მუშაობას ვეღარ განაგრძობენ.