გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციაში პალესტინის სრულუფლებიან წევრობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციაში პალესტინის სრულუფლებიან წევრობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.
რეზოლუცია მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს, პალესტინის წევრობის საკითხს გადახედოს.
აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 143-მა წევრმა დაუჭირა, ცხრა წინააღმდეგი იყო, 25-მა წევრმა თავი შეიკავა.
„პალესტინის სახელმწიფო კვალიფიცირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობისთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
როგორც გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე აშშ-ის წარმომადგენლობამ აღნიშნა, თუ რეზოლუცია დამტკიცდება და წევრობის განაცხადი გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება, აშშ კვლავ ვეტო-ს უფლებას გამოიყენებს. გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლობის განცხადებით, პალესტინის ხელისუფლება გაერო-ს წევრობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.
გასულ თვეში პალესტინის ხელისუფლებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წევრობა ხელახლა მოითხოვა, თუმცა აშშ-მა წევრობის სტატუსის მიღების მცდელობას ვეტო დაადო. მოგვიანებით, ისრაელმა აშშ-ის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, ხოლო პალესტინის ხელისუფლებაში ვეტოს გამოყენებას „უსამართლო, ამორალური და გაუმართლებელი“ უწოდეს.
2011 წელს პალესტინის ხელისუფლებამ გაერო-ს დამოუკიდებელ წევრ სახელმწიფოდ აღიარება ვერ მოიპოვა, თუმცა პალესტინას გაერო-ში 2012 წელს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა.
პროცედურულად, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას უშიშროების საბჭო განიხილავს.